English / ქართული / русский /
როზეტა ასათიანი
კეთილდღეობა ყველასათვის, კეთილდღეობა კონკურენციის გზით

ანოტაცია

კაპიტალიზმის ტრანსფორმაციის შედეგად, კერძო კაპიტალისტური საკუთრების ბატონობაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ახალ თვისებრიობაში გადაზრდამ ტრაექტორია შეუცვალა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას. სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის ფორმი-რება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების მნიშვნელოვან ტენდენციად იქცა და ახალი მსოფლიო წესრიგისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გარანტადაა აღიარებული. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ზნეობრივი ფასეულობების წინა პლანზე წამოწევას, რომელმაც ჩამოი¬ტოვა მანამდე ფესვებგადგმული, შეიძლება ითქვას, სოციალური ინსტინქტით განპირობებული მოთხოვნილებები და მათზე მაღლა დადგა.

საბაზრო ეკონომიკაში სოციალური ორიენტაციის გაძლიერებამ წინა პლანზე კეთილდღეობის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების კვლევა წამოსწია. კეთილდღეობის ეკონომიკა ორგანულად დაუკავშირდა კონკურენციის ეკონომიკას, მეტიც, თანამედროვე ცივილიზებულ ეკონომიკაში ეს უკანასკნელი ინკლუზიური კეთილდღეობის მიღწევის განმსაზღვრელ საშუალებადაც კი არის აღიარებული. ამიტომ დღეს მსოფლიო ეკონომიკურ ლიტერატურაში აქტუალური გახდა კონკურენციის გაძლიერების გლობალური ტენდენციებისა და კონკურენტუნარიანობაზე ორიენტირებული ქვეყნის ახალი პერსპექტივების კვლევა.
ცივილიზებულ სამყაროში საკმაოდ აპრობირებულ თეზას _ `კეთილდღეობა კონკურენციის გზით~ _ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების არსებობამ, რომლებიც აღიარებულია კონკურენციის მიღწევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.
კონკურენტუნარიანობა, როგორც ქვეყნის განვითარების გარანტი, განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის ადგილსა და როლს მსოფლიო ეკონომიკაში. ქვეყანა რომ კონკურენტუნარიანი იყოს, მან თავისი პროდუქცია უნდა გაყიდოს საზღვარგარეთ საერთაშორისო საბაზრო ქსელის მეშვეობით. ეს არის დიდი `სათამაშო ველი~, რომელიც თავისებურ კომპასს წარმოადგენს თითოეული ქვეყნისთვის _ რა გზას დაადგეს, რომელი დარგები განავითაროს, რა უნდა იყოს მისი ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგია. განვითარებული ქვეყნები, იმისათვის, რომ ეკონომიკას მისცენ სოციალური ორიენტაცია და ხელი შეუწყონ საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებასა და განვითარებას, საბიუ-ჯეტო ხარჯებში ზრდიან სოციალურ ხარჯებს, ჯანდაცვისა და განათლების ხარჯებს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საბაზრო ეკონომიკის, როგორც სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის, სოციალურ ეკონომიკაში ევოლუციური გზით გადაზრდაში.
დღეს, XXI საუკუნეში, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა იყოს ერთობლივი მოთხოვნის გაზრდის ახალი ფორმების დანერგვა, რაც შემუშავებულია ახალი კეინზიანელების მიერ და ასახულია `ახალ ნეოკლასიკურ სინთეზში,~ კონკურენტული გარემოს შექმნა და კონკურენციის განვითარება, პარტნიორული ურთიერთობების წინა პლანზე წამოწევა, მეცნიერების მიღწევების მოკლე ვადებში დანერგვა, რესურსდამზოგველი და უნარჩენო ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელება, საინფორმაციო ინდუსტრიის სწრაფი განვითარება, ფინანსური კაპიტალის მობილურობის ზრდა, კერძო და სახელმწიფო საკუთრების თანაფარდობის რეგულირება, სამართლებრივი გარემოს შექმნა და რეგულირება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს უნდა წარმოადგენდეს: 1) კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა; 2) მონეტარული სტაბილურობა; 3) ბაზრების გახსნილობა; 4) გარიგებებისა და კონტრაქტების დადების თავისუფლება; 5) თანმიმდევრულობა ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში; 6) მოქნილი ფისკალური და ფულად-საკრედიტო ანტიციკლური პოლიტიკის გატარება და ა.შ.
დასავლეთ ევროპაში ამჟამად `ჩაკეტილი“, ინტერვენციული სოციალური პოლიტიკის ადგილს იკავებს `ღია~, სტაბილური და სიცოცხლისუნარიანი სოციალური პოლიტიკა, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევა. ამ გზით მიმავალი ქვეყნები დღეს უპირატესობას ანიჭებენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სისტემის ორგანიზაციას, თვითდასაქმების სისტემის განვითარებასა და არა სოციალური დახმარების ჩვეულებრივ, შეიძლება ითქვას, ვადაგასულ სისტემას.
აქედან გამომდინარე, ეკონომიკა მაღალი ცხოვრების დონითა და მნიშვნელოვანი სოციალური დანახარჯებით უნდა განვასხვაოთ საკუთრივ სოციალური საბაზრო ეკონომიკისაგან. პირველი არის ლიბერალური საზოგადოებები, რომელთაც მიაღწიეს მატერიალური სიმდიდრის უმაღლეს დონეს და ამიტომ შეუძლიათ გამოყონ სოლიდური სახსრები ღარიბების დასახმარებლად, ჯან¬დაცვის დაფინანსებისათვის, განათლებისა და სხვა სოციალური მიზნებისათვის. ასეთი საზოგა¬დოების ყველაზე მკაფიო მაგალითია აშშ და კანადა. მაგრამ ამ ქვეყნებს არა აქვთ სოციალურ ჯგუფებს შორის ინტერესების შეჯერების მძლავრი `ჩაშენებული" მექანიზმები. ამის საწინააღმ¬დეგოდ, პატარა დასავლეთევროპული ქვეყნები, მაგალითად ავსტრია, ბელგია, შვეიცარია და ა.შ., შეიძლება მივაკუთნოთ ახალი ტიპის საბაზრო ეკონომიკას სწორედ იმის გამო, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემები მიმართულია სოციალური თანხმობისა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მაღალი ცხოვრების დონისა და ხარისხის მიღწევისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური მაჩვენებლებით ეს ქვეყნები ბევრად ჩამორჩებიან აშშ-სა და კანადას. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ 2015 წლის მონაცემებით, ცხოვრების ხარისხისა და `კომფორტულობის~ კრებსითი ინდექსის მიხედვით, 188 ქვეყანას შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა შვეიცარია (222,94), მეორე ადგილზე _ გერმანია (195,94), ხოლო, 193,86 ინდექსით, მესამე ადგილზეა შვედეთი. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო 64,96 ინდექსით 57-ე ადგილზეა.
XXI საუკუნე, რომელიც აღიარებულია ცოდნისა და ინტელექტუალური კაპიტალის საუკუნედ, მნიშვნელოვნად ცვლის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საფუძვლებს. დღეს ქვეყნები კონკურენტულ უპირატესობას ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების გზით აღწევენ, აფუძნებენ ახალ სტანდარტებს, ინვესტიციებს დებენ ცოდნის განახლებაში, ახალი სახეობის პროდუქციის შექმნასა და ა.შ. ყოველივე ეს განაპირობებს ქვეყნის სახელმწიფო სექტორში არსებული რესურსების ეფექტიან გამოყენებას, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის განვითარებასა და ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას.
საკვანძო სიტყვები: კონკურენცია. ნორდიკული ქვეყნები. ორდოლიბერალიზმის ფრაიბურგის სკოლა. სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა. სოციალური საბაზრო ეკონომიკა. კონკურენციული ეკონომიკა. კონკურენტული უპირატესობა. საინფორმაციო ტექნოლოგიები. ინოვა-ციური პროგრესი. კრეატიული პოტენციალი. დაიმონდის მოდელი. საკვანძო კომპეტენტურობის თეორია. კრეატიული ქსელი. კონკურენტული უპირატესობის რომბი.

შესავალი

თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით, კეთილდღეობის სახელმწიფოს სტა-ტუსის მქონე და, პირველ რიგში, ნორდიკულ ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებულია თეზა _ `კეთილდღეობა ყველასათვის, კეთილდღეობა კონკურენციის გზით~. ეს სიტყვები ეკუთვნის ლუდვიგ ერხარდს და მოცემულია მის ცნობილ ნაშრომში _ `კეთილდღეობა ყველასათვის~ (1956) . ლ. ერხარდმა _ ორდოლიბერალიზმის ფრაიბურგის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, რომელიც იყო ომისშემდგომი გერმანიის ჯერ ვიცეკანცლერი, ხოლო შემდეგ კანცლერი (ვ. ოიკენთან, ა. მიულერ-არმაკთან, ა. რიუსტოვთან, ი. რიოპკესთან და ა.შ. ერთად, საფუძველი ჩაუყარა ნეოლიბერალიზმის ორდოლიბერალურ მიმართულებას, რომელშიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევის მთავარ საშუალებად კონკურენციაა აღიარებული.
კონკურენციის თეორიები და მათთან დაკავშირებული პრობლემები მსჯელობის საგანი უფრო ადრეც, წინა საუკუნეებშიც იყო და კონკურენციის თემაზე მნიშვნელოვანი ნაშრომებიც ჰქონდათ ისეთ ცნობილ ეკონომისტებს, როგორებიც იყვნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ისიდრო ეჯოურტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ ჩემბერლინი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოან რობინსონი და ა.შ. მაგალითად, მონოპოლისტური კონკურენციის მოდელი ერთობლივად შექმნეს ე. ჩემბერლინმა და ჯ. რობინსონმა. ე. ჩემბერლინმა 1933 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი ''მონოპოლისტური კონკურენციის თეორია'', გააანალიზა მონოპოლისტური კონკურენციისათვის დამახასიათებელი ფასწარმოქმნის მექანიზმი, შემოიტანა ტერმინი _ წმინდა კონკურენცია, ხოლო 1933 წელს ჯ. რობინსონმა, ე. ჩემბერლინისაგან დამოუკიდებლად, ჩამოაყალიბა ''არასრულყოფილი კონკურენციის ეკონომიკური თეორია'', რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონკურენციის კონცეფციაზე აგებული ღირებულების თეორიის განვითარებაში.
საინტერესოა ა. რიუსტოვის შეხედულება მონოპოლიების შესახებ. მისი აზრით, ეკონომიკურ ცხოვრებაში მონოპოლიების გაბატონება Laissez-faire-ს პოლიტიკის შედეგია, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია აქტიური ეკონომიკური პოლიტიკით, განსაკუთრებით, ანტიმონოპოლიური ღონისძიებების გატარებითა და კონკურენციის განვითარებით.
გერმანელი ორდოლიბერალები კაპიტალიზმის მთავარ პრობლემად ეკონომიკის მონოპოლიზაციას აღიარებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ეყრდნობოდეს არა ერთობლივი მოთხოვნის რეგულირებას (ამით დაუპირისპირდნენ კეინზიანურ მიმდინარეობას), არამედ კონკურენტული გარემოს შექმნასა და კონკურენციის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ II მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ გერმანიაში ორდოლიბერალების თეორია ვერ იქნებოდა გამოყენებული, რადგან იმდროინდელ გერმანიაში შეიქმნა ვითარება, როდესაც აუცილებელი გახდა ეკონომიკაში უფრო მოქნილი მეთოდებით სახელმწიფოს მხრიდან ზემოქმედება, ვიდრე ამას გულისხმობდნენ ორდოლიბერალები.
''დიდი დეპრესიისა'' და მეორე მსოფლიო ომის გავლენით გაღატაკებულმა მოსახლეობამ, უაღრესად დაბალი ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, თავიანთი მხარდაჭერა გამოხატა ჯონ მეინარდ კეინზის მაკროეკონომიკურ თეორიაზე მორგებული იდეების მიმართ.
40-იანი წლების დასაწყისში ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე შექმნილი მონოპოლიზებული ეკონომიკის ''მკურნალობა'' კონკურენციის განვითარებით ნაადრევი იყო, ამიტომაც მოსახლეობა არ უჭერდა მხარს კონკურენციის იდეას, ხოლო კეინზის მულტიპლიკაციური ეფექტი მიმზიდველი გახდა საზოგადოებისათვის.
მოსახლეობის მხარდაჭერამ პოზიტიური როლი შეასრულა `კეინზიანური რევოლუციის~ სახელწოდებით ცნობილ მაკროეკონომიკური რეგულირების წარმატებაში წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში კეინზიანური თეორიის პოსტულატების გატარებით, `ველური~ კაპიტალიზმის ისტორიაში ერთობლივი მოთხოვნის გაზრდით დაიწყო ახალი ათვლის წერტილი, ჩამოყალიბდა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა, რომლის თითქმის 70-წლიანი ევო¬ლუციური გზით განვითარების შემდეგ, დღეს, ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნებში მიმდინარეობს სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის სოციალურ საბაზრო ეკონომიკაში გადაზრდა.
ეკონომიკა მაღალი ცხოვრების დონითა და მნიშვნელოვანი სოციალური დანახარჯებით უნდა განვასხვავოთ სოციალური საბაზრო ეკონომიკისაგან. პირველს მიეკუთვნება ლიბერალური საზოგადოებები, რომელთაც მიაღწიეს მატერიალური სიმდიდრის უმაღლეს დონეს და ამიტომ შეუძლიათ გამოყონ სოლიდური სახსრები სოციალურად დაუცველი ფენების დასახმარებლად, ჯანდაცვის დაფინანსებისათვის, განათლებისა და სხვა სოციალური მიზნებისათვის. ამჟამად ასეთი საზოგადოების მკაფიო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. დასავლეთევროპული ქვეყნები კი, რომლებიც ზოგიერთი აბსოლუტური მაჩვენებლით ჩამორჩებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხასიათდებიან „სოციალური ეკონომიკის“ სიმწიფის გაცილებით მაღალი დონით. მათი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები მიმართულია ჰუმანიზაციის პროცესების გაღრმავების, სოციალური თანხმობის, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მაღალი ცხოვრების დონის მიღწევისა და საშუალო ფენის გაძლიერებისაკენ.

* * *

კონკურენციის თეორიებმა განსაკუთრებული აქტუალურობა თანამედროვე პირობებში, XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში შეიძინა.
გლობალურმა ეკონომიკამ და მსოფლიოში შექმნილმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ კონკურენციის თეორიები წინა პლანზე წამოსწია და პრაქტიკაში მათი გამოყენების აუცილებლობა დააყენა. საგულისხმოა, რომ დღეს დასავლეთის უნივერსიტეტებში ისწავლება ''კონკურენციული ეკონომიკა'', როგორც ცალკე აკადემიური დისციპლინა. მაიკლ პორტერი გახდა კონკურენტული სტრატეგიისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის კონცეფციების მსოფლიოში აღიარებული მკვლევარი. მისი ცნობილი ნაშრომებია: `კონკურენცია, კონკურენციის სტრატეგია~, ''სხვადასხვა ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა'', `საერთაშორისო კონკურენცია~ და ა.შ. მაიკლ პორტერის აზრით, ქვეყნის კონკურენტუნარიანობა იქმნება არა გარე, არამედ შიდა ბაზრებზე. სწორედ შიდა ბაზრების განუვითარებლობის გამო, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) ფერხდება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და, ფაქტობრივად, ყალიბდება საუკუნისწინანდელი კაპიტალისტური ეკონომიკური ურთიერთობები, რომლისგანაც თავის დაღწევა შეძლო მხოლოდ ცივილიზებულმა სამყარომ და დღეს იგი განვითარებული ქვეყნებისთვის ისტორიის კუთვნილებაა. კონკურენციის გარეშე ბაზარი ფიქციაა. უკვე დიდი ხანია კონკურენცია გასცდა ერთი ქვეყნის ფარგლებს და გლობალური მასშტაბი შეიძინა.
ერთ ქვეყანას არ შეუძლია მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა ეკონომიკის ყველა დარგში ან რომელიმე (აგრარული, ინდუსტრიული თუ მომსახურების) სექტორის უმეტეს დარგებ¬ში. ქვეყნები წარმატებას აღწევენ მხოლოდ კონკურენტულ დარგებში. ქვეყანა რომ კონკურენტუნარიანი იყოს, მან თავისი პროდუქცია უნდა გაყიდოს საზღვარგარეთ საერთაშორისო საბაზრო ქსელის მეშვეობით, რომელიც თავისებურ კომპასს წარმოადგენს თითოეული ქვეყნისთვის - რა გზას დაადგეს, რომელი დარგები განავითაროს, რა უნდა იყოს მისი ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგია.
წარმოების პროცესების კომპლექსურმა ავტომატიზაციამ, ენერგიის ახალი წყაროებისა და ბიოტექნოლოგიის გამოყენებამ, მიკროელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციური ტექნიკის მიღწევათა ათვისებამ და ა.შ. თვისებრივად ახალი ეტაპი შექმნა ეკონომიკურ განვითარებაში, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გენერალური განვითარების სტრატეგიაში. არნახულმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა გამოიწვია კაპიტალიზმის ტრანსფორმაცია ახალ საზოგადოებაში, რაც აისახა კიდეც პოსტინდუსტრიალიზაციის პროცესში, ეკონომიკური ზრდის ტემპების ამაღლებასა და მომსახურების სექტორის სწრაფ განვითარებაში.
ბოლო პერიოდში არა მხოლოდ პოსტინდუსტრიულ, არამედ მრავალ ახალინდუსტიულ ქვეყანაშიც მეცნიერება განიხილება უმნიშვნელოვანეს ნაციონალურ პრიორიტეტად. ამ ქვეყნებმა თითქმის 2-ჯერ გაზარდეს თავიანთი ინოვაციური პოტენციალი და უახლოვდებიან ევროპული ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს. მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა ჩინეთშიც. ინოვაციური ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, უდიდეს წარმატებას მიაღწიეს ევროკავშირის ქვეყნებმაც. მაგალითად, ირლანდია ჩამორჩენილი ქვეყნიდან გადაიქცა ინოვაციური კაპიტალის დაბანდებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად, რაც დაეტყო კიდეც მის განვითარებას. ინოვაციური პროცესების სტიმულირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვენჩურული დაფინანსების ინსტიტუტები გახდა. ვენჩურული კაპიტალის ფორმირებაში მონაწილოებას იღებენ ბანკები, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.
ამჟამად მსოფლიოში მაღალტექნოლოგიური წარმოებით პირველ ათეულშია ფინეთი, აშშ, შვედეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, ნიდერლანდი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და სინგაპური. მათ მოჰყვება ჩინეთი.
ამიტომაცაა, რომ XXI საუკუნეში სტრუქტურული გარდაქმნების ბირთვს ინოვაციური ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT). მისი განვითარება ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებაა. ეს პროცესი დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მატერიალური რესურსების, არამედ ინტელექტუალური კაპიტალის ხარისხზე და განაპირობებს ცოდნის ფენომენის წინა პლანზე წამოწევას.
დღეს ტექნოლოგიური ბუმი ტრაექტორიას უცვლის მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, უდიდესი პოზიტივი შეაქვს მასში, რომლის არგათვალისწინება ჩამორჩენილობის დაუძლევლობას ნიშნავს და საეჭვოს ხდის საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის განვითარებას.
ინოვაციების განვითარება, რომელიც დღეს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს რესურსად არის აღიარებული, ვრცელდება არა მხოლოდ საბაზრო, არამედ არასაბაზრო სექტორზეც და უდიდეს გავლენას ახდენს ეკონომიკის ფუნქციონირებაზე, ყველა ინსტიტუციურ ფორმასა და სტრუქტურაზე.
გლობალურ სამყაროში ინოვაციური ეკონომიკის უპირატესმა განვითარებამ მაღალი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბების საფუძველი შექმნა. ინოვაციურმა პროგრესმა მძლავრი ბიძგი მისცა კრეატიული პოტენციალის ყოველმხრივ განვითარებას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და ეკონომიკის ეფექტიან ფუნქციონირებას.
განვითარებული ქვეყნები გამოირჩევიან საერთო კეთილდღეობითა და სოციალური ორიენტაციით, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდებიან ''სოციალური ეკონომიკის'' სიმწიფის ხარისხის მიხედვით. მაგ., აშშ-ს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მნიშვნელოვანი სოციალური დანახარჯები და, მართალია, შეუძლია გამოყოს სოლიდური სახსრები სოციალურად დაუცველი ფენების დასახმარებლად, ჯანდაცვის დასაფინანსებლად, განათლებისა და სხვა სოციალური მიზნებისათვის, აბსოლუტური მაჩვენებლებით ჩამორჩებიან დასავლეთევროპული ქვეყნები, მაგრამ ისინი `სოციალური ეკონომიკის~ სიმწიფის გაცილებით მაღალი დონით ხასიათდებიან, ვიდრე აშშ. დასავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები, შემოსავლების გადანაწილებაში უთანაბრობის ხარისხის შემცირებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, მიმართულნი არიან ჰუმანიზაციის პროცესების გაღრმავების, სამართლიანობისა და სოციალური თანხმობის, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ცხოვრების დონის ამაღლებისა და საშუალო ფენის გაძლიერებისაკენ.
XXI საუკუნემ, მისი `უდიდებულესობის~ _ ინტელექტუალური კაპიტალის საუკუნემ, მნიშვნელოვნად შეცვალა კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის საფუძვლები. თუ უახლოეს წარსულში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ყველაზე მძლავრ დეტერმინანტებს წარმოადგენდა ვალუ-ტის კურსის სიმყარე, ბუნებრივი რესურსები, მენეჯმენტის განვითარების დონე, მასშტაბის ეფექტი, ანუ წარმოების გაფართოების ხარჯზე მიღწეული ეკონომია და ა.შ., ამჟამად აქცენტი კონკურენტუნარიანობის სრულიად ახალ წყაროებზე კეთდება, თუმცა, აღნიშნულ დეტერმინანტებს, გარკვეული თვალსაზრისით, თავიანთი მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავთ.
თანამედროვე ეკონომიკაში ახალი სტრატეგიის შექმნა ეყრდნობა ახალ ინოვაციურ სისტემას, რაც მოიცავს როგორც უახლეს ტექნოლოგიებს, ასევე, გულისხმობს საქმის ახლებურად კეთებას, ახალი უნარ-ჩვევების ათვისებასა და ცოდნის განახლებას. განვითარებული ქვეყნების წარმოების მატება 75%-დან 100%-მდე სწორედ ინოვაციების გამოყენებით მიიღწევა . აქედან გამომდინარე, ასეთ პირობებში ინვესტიციებს სრულიად ახალი როლი აკისრიათ და ისინი, წინანდელთან შედარებით, განსხვავებული მიმართულებებით წარიმართება. საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს ამ სიახლეთა ჭეშმარიტებას. საკმარისია მოვიყვანოთ ბუნებრივი რესურსებით ღარიბი იაპონიის მაგალითი, რომელიც მყარი სტრატეგიითა და ახალი, კონკურენტული ინოვაციებით მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა, ან ბუნებრივი რესურსებით მდიდარი აფრიკის ქვეყნების წარუმატებლობა, რომლებიც უაღრესად დაბალი კონკურენტუნარიანობით ხასიათდება.
გლობალური ეკონომიკის პირობებში კონკურენციის ხელოვნების დაუფლება როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე ქვეყნის წარმატების საწინდარია. დღეს ჭეშმარიტ კეთილდღეობას ის ქვეყნები და ის კომპანიები აღწევენ, რომლებიც სწრაფად აღიქვამენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ითვალისწინებენ გლობალიზაციის მოთხოვნებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, მწარმოებლებისაგან ახლებურ აზროვნებასა და ინფორმაციის ყველა დონეზე გაფილტვრას უკავშირდება.
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კომპანიებმა წარმატებას საერთაშორისო ბაზარზე ეკონომიკის ახალი სტრატეგიით _ ახალი ინოვაციური სისტემით მიაღწიეს, სტრატეგიით, რომელიც კომპრომისების გადაჭრის ხელოვნებად არის აღიარებული კონკურენციაში.
როგორც მსოფლიო პრაქტიკიდან ჩანს, კონკურენტული უპირატესობა ყველაზე პროგრესულ და დინამიკურ დარგებში მიიღწევა. მომთხოვნი მომხმარებლები კომპანიებს არ აძლევენ მოდუნების საშუალებას, ამიტომ მეწარმეები წარმოების მუდმივი განახლების, სიახლეების დანერგვისა და განვითარების რეჟიმში არიან.
თანამედროვე განვითარებულ ეკონომიკაში სტრუქტურულმა და ტექნოლოგიურმა დივერსიფიკაციამ შეცვალა ეროვნული ეკონომიკის განვითარების კურსი. წარმოების პროცესების ავტომატიზაციამ, ენერგიის ახალი წყაროებისა და ბიოტექნოლოგიების გამოყენებამ, მიკროელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციური ტექნიკის მიღწევათა ათვისე- ბამ და ა.შ. თვისებრივად ახალი პერსპექტივები შექმნა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში.
ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე კონკურენტულ ეკონომიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საკვანძო კომპეტენტურობის თეორია core competence theory) . იგი ასახავს იმ ახალ ტენდენციებს, რომლებიც ყალიბდება კომპანიაში კოლექტიური ცოდნის სახით. ურთიერთ-თანამშრომლობის პრინციპზე აგებული საკვანძო კომპეტენტურობა ეხმარება კომპანიებს არსებული სამეწარმეო თვისებების კოორდინირებასა და განვითარებაში, ინოვაციებზე ორიენტირებული, მუდმივად ცვალებადი ტექნოლოგიური ნაკადების ინტეგრირებაში. ის გარემოება, რომ თანამედროვე ბიზნესმა განიცადა დივერსიფიკაცია, შეუძლებელი ხდება ცენტრიდან ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელება. ამიტომ დღეს დიდი ყურადღება ექცევა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნას. ასეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას წარმოადგენს ''კრეატიული ქსელი'' (“Creative net”). მასში შემავალი კორპორაციები ერთმანეთზეა დამოკიდებული, რომელთა წარმატება ურთიერთ-თანამშრომლობაზეა აგებული. `კრეატიული ქსელი~ ახდენს მასში შემავალი კომპანიების საქმიანობის კოორდინაციას. დიდი კომპანიები (ტრადიციული იერარქიული პირა- მიდისგან განსხვავებით) სულ უფრო მეტად აკისრებენ პასუხისმგებლობას მცირე კომპანიებს გადაწყვეტილების მიღებაში, დასამზადებლად გადასცემენ მათ პროდუქციის ცალკეულ დეტალებს და ა.შ. მენეჯმენტში განხორციელებული ეს ახალი მიდგომები სტიმულს აძლევს კომპანიათა ცალკეულ ჯგუფებს სიახლეების დანერგვაში, ახალი პროდუქციის, მომსახურების ახალი სახეობების წარმოებაში და ა.შ. ამიტომ XXI საუკუნეში `კრეატიული ქსელის~ განვითარებაზე დიდად იქნება დამოკიდებული მენეჯმენტში წარმატება. კონკურენციის განვითარებაში ასახული პოზიტიური ცვლილებები უდიდეს გავლენას ახდენს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია კონკურენტუნარიანობა განვიხილოთ როგორც მიკრო- და მეზოდონეზე, ისე მაკრო და მეგადონეზე.
კონკურენტუნარიანობა მიკრო და მეზოდონეზე არის ეკონომიკური ურთიერთობების სუბიექტთა თვისება, კონკურენცია გაუწიონ ქვეყნის შიდა ბაზარზე ანალოგიური თვისების მატარებელი ეკონომიკური ურთიერთობების სუბიექტებს. ამ თვისების შეფასება იძლევა დაბალი, საშუალო და მაღალი ლოკალური კონკურენტუნარიანობის განსხვავების საშუალებას. კონკურენტუნარიანობა მაკრო- და მეგადონეზე არის ქვეყნის თვისება, კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო ბაზარზე სხვა ქვეყნების ანალოგიური თვისებების მქონე ეკონომიკური ურთიერთობების მქონე სუბიექტებს, რაც, საბოლოო ანგარიშით, მოცემული ქვეყნის კონკურენტუნარიანობაში აისახება. აქედან გამომდინარე, გლობალური კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს ქვეყნის ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში და იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მასში აისახება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ დღეს, კონკურენციის გლობალიზაციის ფონზე, შეიცვალა ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის საფუძვლები.
თანამედროვე საგარეო ვაჭრობაში შეფარდებითი უპირატესობის თეორია სულ უფრო უთმობს ადგილს კონკურენტული უპირატესობის თეორიას. მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს მეცნიერებატევადი და მაღალტექნოლოგიური დარგები. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პრაქტიკა აჩვენებს, რომ დღეს ყველაზე მომგებიანი ის დარგებია, რომლებიც აწარმოებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, კავშირგაბმულობის საშუალებებსა და ტელეკომუნიკაციების მთელ სისტემას. მათ წარმატებას მსოფლიო ბაზარზე, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ინოვაციების დანერგვა და არა წარმოებრივი შესაძლებლობების ზრდა, ინტენსიური და არა ექსტენსიური წარმოება.
ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ეს შედარებით ახალი თეორია აქცენტს ისეთ ფასეულობებზე აკეთებს, როგორიცაა ხარისხი, ''ნოუ-ჰაუ'', ბაზრისადმი ახლებური მიდგომა, ინფორმაციის ყველა დონეზე გაფილტვრა, ახალი დიზაინი, ახალი სახეობის პროდუქციის შექმნა და ა.შ.
ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლების პრობლემა მეტად აქტუალურია თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში, ფართო მსჯელობის საგანია ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ მას. ეს პრობლემა ორგანულად უკავშირდება ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბს, რომელიც მაიკლ პორტერის დაიმონდის მოდელის სახელწოდებითაა ცნობილი6. იგი დღევანდელ პირობებში ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლების მიმართულებებში გარკვევის საშუალებას იძლევა.
ის გარემოება, რომ გლობალიზაცია აჩქარებს ცალკეულ ქვეყნებში ღია საზოგადოების ჩამოყალიბებას და ანგრევს ჩაკეტილ, ტოტალიტარულ რეჟიმებს, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მეცნიერული მიღწევების მოკლე დროში დანერგვას, რესურსდამზოგველი და ნაკლებნარჩენიანი ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებას, ინტერნეტული ქსელისა და, საერთოდ, საინფორმაციო ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას, კაპიტალის თავისუფალ მოძრაობასა და ა.შ., ახალი დროის დადგომის მაუწყებელია.
მაიკლ პორტერის დაიმონდის მოდელი, როგორც ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ქვაკუთხედი, აისახება ლოკალური კონკურენტული უპირატესობის ოთხ დეტერმინანტში, რომლებიც ერთობლიობაში წარმოქმნიან იმ სპეციფიკურ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებასა და ახალი კონკურენტუნარიანი კომპანიების აღმოცენებას, აყალიბებს იმ ''სათამაშო ველს'', რომელსაც კონკურენტუნარიანი ქვეყანა ქმნის საკუთარი ინდუსტრიის განვითარებისათვის. ეს დეტერმინანტებია:
1. ფაქტორული პირობები. ქვეყნის შიდა ბაზარზე ყურადღების გამახვილება იმ წარმოების ფაქტორებზე (კვალიფიციური სამუშაო ძალა, ადმინისტრაციული, ტექნოლოგიური და წარმოებრივი ინფრასტრუქტურა, კაპიტალის ბაზარი, მიწოდების პირობები), რომლებიც აუცილებელია მოცემული დარგის კონკურენტუნარიანობის მიღწევისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია თუ რა ტემპით და რამდენად ეფექტიანად ქმნის და განაახლებს ქვეყანა ამ ფაქტორებს კონკურენტულ დარგებში. მაგ., კოლეჯდამთავრებული მუშახელი არ განაპირობებს კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე პირობებში. ამისათვის იგი სპეციალიზებული უნდა იყოს დარგის კონკურენტული მოთხოვნების შესაბამისად, რაც ვენჩურულ კაპიტალსა და სტაბილურ ინვესტიციებს მოითხოვს;
2. მოთხოვნის პირობები. ქვეყნის ბაზარზე კონკრეტული დარგის პროდუქციის წარმოებისას ყურადღების გამახვილება მოთხოვნის რაოდენობრივ და ხარისხობრივ დეტერმინანტებზე. მოცემული ქვეყნის კომპანიებმა კონკურენტული უპირატესობა შეიძლება იმ შემთხვევაში მოიპოვონ, თუ ადგილობრივ მყიდველთა მოთხოვნა (ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით) წინ უსწრებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს უბიძგებს კომპანიებს მოდერნიზაციისა და ინოვაციისკენ და ამით აიძულებს მათ დააკმაყოფილონ მაღალი სტანდარტები.
3. ქვეყანაში საერთაშორისო დონეზე ერთმანეთთან დაკავშირებული კონკურენტუნარიანი დარგებისა და დამხმარე სფეროების არსებობა. ეს დეტერმინანტები სწრაფი და შეღავათიანი გზით ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის;
4. კომპანიის მყარი სტრატეგია, სტრუქტურა და კონკურენტული გარემო. ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბი, როგორც სისტემა, გავლენას ახდენს კომპანიათა კონკურენტუნარიანობის ისეთ კომპონენტებზე, როგორებიცაა: რესურსების ხელმისაწვდომობა, დასაბუთებული უახლესი ინფორმაციის მოპოვება, უნარ-ჩვევების აკუმულირება, ინფორმაციის სწრაფი მოპოვების გზით ბაზრის მდგრადი სეგმენტის მოძიება და ა.შ. როდესაც კომპანიები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ნედლეულის სიმცირის, მიწის მაღალი ფასის, მუშახელის დეფიციტის გამო, იმისათვის რომ გაუძლონ კონკურენციას, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, ამით ქმნიან ახალ ბაზრებს და არაფასისმიერი კონკურენციით აღწევენ წარმატებას.
ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბი, თავისი ოთხი დეტერმინანტით, ხელს უწყობს კონკურენტულ სფეროებში მაღალტექნოლოგიური პარკების - კლასტერების წარმოშობას.
ამრიგად, თანამედროვე გლობალურ სამყაროში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, როგორც განვითარების და, აქედან გამომდინარე, საზოგადოების კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი, განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის ადგილსა და როლს მსოფლიო ეკონომიკაში .
ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად XXI საუკუნე მსოფლიოს სთავაზობს ეკონომიკური განვითარების ახალ მოდელს. ეს მოდელი ინოვაციურ ეკონომიკას ეფუძნება, რომელშიც წამყვან როლს ინტელექტუალური კაპიტალი, საინფორმაციო და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები ასრულებენ. მათი განვითარების დონეს კი საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ფუნქციონირების ხარისხი განსაზღვრავს.

დასკვნა

თანამედროვე მსოფლიოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია განუზომლად ზრდის კონკურენციის წესრიგის პოლიტიკის მნიშვნელობას. ამიტომაცაა დღეს ეს პრობლემა წინა პლანზე წამოწეული, მყარად დამკვიდრდა საზოგადოების ცხოვრებაში და იგი, შეიძლება ითქვას, უდიდეს გავლენას ახდენს ინსტიტუციური წესრიგის დონესა და ხარისხზე. კონკურენციული წესრიგის პოლიტიკის მოთხოვნათა გათვალისწინება და სწორად წარმართვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რაც უშუალო გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებაზე.
საგულისხმოა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: კონკურენციული წესრიგის გატარებაში უდიდეს როლს ეროვნული იდეოლოგია ასრულებს, მაგრამ თუ იგი მოსწყდა ეროვნულ ფესვებსა და სარწმუნოებას, რელიგიას, მაშინ ზედმეტია მსჯელობა კონკურენციის წესრიგზე, ეკონომიკის სოციალურ ორიენტაციასა და ინსტიტუციურ მოწყობაზე. ქვეყანა, რომელიც არ ატარებს კონკურენციული წესრიგის პოლიტიკას, ვერასდროს განვითარდება და განწირულია ქრონიკული ჩამორჩენილობისათვის, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ. ეკონომიკური განვითარების თეორია. თბილისი, `თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა~, 2016;
2. ასათიანი რ. კეთილდღეობის ეკონომიკის თანამედროვე მოდელები. `ეკონომისტი~, 2017, #1;
3. ასათიანი რ. კონკურენციის თეორიები და ახალი ინო¬ვაციური სისტემა. `ახალი ეკონო¬მისტი~. 2016, №2;
4. ასათიანი რ. XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~, 2015;
5. ასათიანი რ. საით მიდის საქართველო? სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური ანალიზი. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~, 2014;
6. ასათიანი რ. ეკონომიკური წესრიგი და დემოკრატიული სისტემა. `საქართველოს ეკონომიკა~, 2012, #9;
7. ასათიანი რ. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეი¬ტინგი და საქართველო. `საქართ¬ველოს ეკონომიკა~. 2011, №2;
8. ასათიანი რ. ახალი მსოფლიო წესრიგი და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა. `მაკრო მიკრო ეკონომიკა~, 2003, #4;
9. ლორთქიფანიძე რ. რაციონალური კონკურენცია _ ეკონომიკური ეფექტიანობის საფუძველი. `შრომები~. XII ტომი. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, `უნივერსალი~, 2015;
10. პაპავა ვ. არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი, 2011;
11. Asatiani R. Caucasus and Georgian Economy: Past, Present, Prospects. “The Caucasus Region: Economic and Political Developments”. New York, Nova Science Publishers Inc, 2011;
12. Asatiani R. Post-communist Transition Period in the Georgian Economy. “The Caucasus & Globalization”. Vol3(2-3), Volume 3, Issue 4, “Ca&CC Press”, Sweden, 2009;
13. Coase R. The Problem of Social Cost. “Journal of Law and Economics”. Vol. 3, 1996;
14. Асатиани Р. Теории конкуренции и новые перспективы стран ори¬ен¬тированных на конкурентноспособность. “Кавказ и глоба¬лизация”, Швеция, “Ca&CC Pres”, 2015;
15. Асатиани Р. Усиление глобальных тенденции конкуренции и новые перспективы конкурентоспособности Грузии. `სოციალური ეკონომიკა~, 2015, №6;
16. Асатиани Р. Экономика Грузии сквозь призму нового миро¬вого порядка. `სოციალური ეკონომიკა~, 2014, №5;
17. Кетелс К., Портер М. Конкурентноспособность: экономике нужны ясные цели; www.vedomosti.ru/newspaper/article/2007/11/26/136711
18. Надель С. Социальные факторы экономического роста. «МЭ и МО», 2015, №5;
19. Пигу Е. Экономическая теория благосостояния. Перевод с английского. М., 1985;
20. Портер М. Конкуренция. Перевод с английского. Санкт-Петербург, Москва, Киев. «Вильямс», 2000;
21. Портер М. Международная конкуренция. М., «Междуна¬род¬ные отношения», 1993;
22. Эрхард Л. Благосостояние для всех. Перевод с английского. М., 1991;
23. Хайлбронер Р., Тароу Л. Экономика для всех. Перевод с английского. Лондон, “Overseas Publications Interchange Ltd”, 1991;
24. http://www.chelt.ru/2001/12/uzbashianz-12.html
25. www.economics.ge